პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთ წელიწადში მლნ ლარზე მეტი დანამატი გაიცა - „მისი გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო“

2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებაზე 4,622,445 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ადმინისტრაციის დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140 იყო, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციაში 120 ადამიანი იყო დასაქმებული.

ამასთან, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ადმინისტრაციაში დასაქმებულთა თანამდებობრივმა სარგომ 2,649,852 ლარი; დანამატმა - 1,067,922 ლარი; პრემიამ კი - 904,671 ლარი შეადგინა.

როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფდა, ვინაიდან ბრძანებებში დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, დანამატის გაცემისას, უნდა დასაბუთდეს თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ,,დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ დანიშნულია ყოველთვიური დანამატები (სულ 2017 წელს გაცემულია 1,067,922 ლარის დანამატი), რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა, ვიდრე დანამატის.

შედეგად, 2017 წელს დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა,“-აღნიშნულია ანგარიში.