ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროსა და წალკის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მამუკა ჩოქური აცხადებს, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ ალექსეევკისა და სამღერეთის მოსახლეობა დაზარალდა, სადაც ძლიერმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ყანები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. სეტყვის შედეგად დაზარალდა ირაგისა და ჭივჭავის თემებში შემავალი რამდენიმე სოფელი.

თეთრიწყაროს სოფლების მსგავსად, სეტყვა დღეს წალკაშიც მოვიდა. სტიქიამ წალკაში, სოფელ ბეშთაშენში, ავრანლოში, იმერასა და ტბეთში მთლიანად გაანადგურა მოსავალი, ხეხილი, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. იმერაში, ბეშთაშენსა და ავრანლოში ჩაიხერგა გზები, სოფელ ტბეთში არსებული ტბა უხვი ნალექის შედეგად გადაივსო და მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. ამ დროისთვის სოფელ ტბეთში სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ზარალის დათვლას წალკასა და თეთრიწყაროში გამგეობებთან არსებული კომისიები დღეიდან დაიწყებენ. წინასწარი ინფორმაციით კი, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია.