დედაქალაქში ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს, სადაც ხდება ფასადების ჩამოშლა და გვაქვს პრობლემები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პრობლემების გამოვლენას მხოლოდ ზედამხედველობის სამსახური ვერ შეძლებს, თუ მერიაში საზოგადოების მხრიდან შეტყობინებები არ შევა.
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს, სადაც ხდება ფასადების ჩამოშლა და გვაქვს ამ ტიპის პრობლემები. ზოგადად, ბევრი ავარიული სახლია, ჩვენდა სამწუხაროდ; ხშირ შემთხვევაში საჭიროა მათი დაშლა და ახალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით ძველი თბილისია ამ მდგომარეობაში, თუმცა, მსგავსი პრობლემები ყველა რაიონში არსებობს. ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან შეუძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება, თუ არ იქნება მოსახლეობის ჩართულობა, საზოგადოების თანადგომა. როდესაც შეტყობინება მოდის, ამაზე რეაგირება მყისიერად ხდება. მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურს რომ მივცეთ უფლებამოსილება, ფიზიკურად ვერ შეძლებს და ვერ გამოავლენს ამ ტიპის პრობლემებს. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი სახლია, რომელსაც ასეთი პრობლემა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.