"მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებაა შესაძლებელი, ქართული პასპორტის ფასმა ძალიან აიწია"

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში ვიზების გარეშე გადაადგილებაა შესაძლებელი, ქართული პასპორტის ფასმა ძალიან აიწია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი უნდა შეიცვალოს.

„მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება თუ ეს განხორციელდება. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე. მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში ვიზების გარეშე გადაადგილებაა შესაძლებელი, ქართული პასპორტის ფასმა ძალიან აიწია შინაარსობრივად ყველანაირი თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს ბინადრობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ის, რაც ხდება ბოლო წლების და თვეების განმავლობაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება და რეფორმა იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. როგორც გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს, ცვლილებების შეტანა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში იგეგმება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ილია წულაიას ეკუთვნით.

ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი გახდება ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამას გარდა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.

დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.