თურქული ლირა დოლარის მიმართ კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება უკვე 7 ლირას გადასცდა. ამის პარალელურად უფასურდება ლარიც. ასევე Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარი უკვე 2.59 ლარად ივაჭრება.
საქართველოს ხელისუფლებაში ლარის გაუფასურებას მთავარი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის ვალუტის ვარდნას უკავშირებენ. თუმცა ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი ამ პოზიციას არ იზიარებს და ლარის გაუფასურებას „წინასწარ მოლოდინებსა“ და პროცესებში „ხელოვნურ ჩარევას“ უკავშირებს.
როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში ლარის ამგვარი გაუფასურება ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობამ გამოიწვია.
მისივე თქმით, ბიზნეს წრეებში გაჩნდა მოლოდინი, რომ რადგან მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან ვალუტა უფასურდება, ლარსაც იგივე ბედი ელის, შესაბამისად, სწრაფი ტემპით ლარს „იშორებენ“ და დოლარს ყიდულობენ.
„საქართველოს შემთხვევაში თურქეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, შესაბამისად, როდესაც სავაჭრო პარტნიორებში ვალუტა უფასურდება, ჩვენთანაც იქმნება მოლოდინი, რომ ლარიც უნდა გაფასურდეს. შემდეგ ეს მოლოდინი ქმნის იმ წინაპირობას, რომ ბიზნესები, ფირმები, მსხვილი იმპორტორები და ინვესტორები იშორებენ ლარს და ყიდულობენ დოლარს, რადგან ჩვენთან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის საქართველოში და ლარის გაუფასურების რეალური მიზეზიც ეს არის“,- აცხადებს აკაკი ცომაია.
ლარის გაუფასუერებას ასევე „ხელოვნურ პროცესებს“ უკავშირებს ფინანსისტი დავით წიქარიძე. როგორც ის „ბიზნესპრესბიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წარმოუდგნელია, მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასება ასეთი სწრაფი ტემპით მოქმედებდეს ლარზე.
„ლირას გაუფასურება აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ლართან. ასე უცებ ახდენდეს გავლენას, წარმოუდგენელია, რადგან ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. მიდგომა, რომ მეზობელ ქვეყანაში ვალუტა გაფასურდა და ჩვენთანაც ამიტომ უფასურდება, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი. მეორე საკითხია, რატომ ხდება ეს. მე პირადად ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, რომ ეს აბოლუტურად ხელოვნურად მართული შიდა პროცესებია, თუმცა ვინ დგას ამის უკან, ამაში ნამდვილად არავინ ჩამახედებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებეობდა, მაქსიმუმზეა ვალუტის შემოსვლა, ამასთან არაფერი გაყიდულა და არც მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განხორციელებულა, რომ ლარის ამგვარი გაუფასურება მომხდარიყო. აქ რაღაც სხვა რამ ხდება“,-აცხადებს დავით წიქარიძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის დოქტორს, სტატისტიკოსს სოსო არჩვაძეს. მისი თქმით, მთავარი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ეროვნული ვალუტის ვარდნასთან, თუმცა აქ რუსული რუბლიც მონაწილეობს. არჩვაძე აცხადებს, რომ ისეთ პატარა ქვეყნებში როგორიც საქართველოა, საგარეო ფაქტორები უფრო მეტ გავლენას ახდენს ფინანსებსა და ეკონომიკაზე, ვიდრე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები.
„ლირას გაუფასურება ლარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. თუმცა ამ პროცესში მარტო ლირა არ მონაწილებს, რუბლიც რეკორდულ ვარდნას განიცდის. მოგეხსენებათ, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში რუსეთისა და თურქეთის ჯამური წილი თითქმით ¼-ს შეადგენს. თურქეთს პირველი ადგილი უკავია ბრუნვაში, ხოლო რუსეთს - ექსპორტში. შესაბამისად, ეს პროცესები ისახება ჩვენზე. მაშინ, როდესაც ლირა თითქმის 40%-ით გაუფასურდა, ერდოღანის მოწოდება, რომ მოიშორონ დოლარები და საქონელი შიეძინონ ლირაში, ეს საქართველოსთვის ნიშნავს, რომ თურქული იაფი საქონელი მოაწყდება საქართველოს შიდა ბაზარს, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს. გარდა ამისა, თურქეთში ჩვენი ათასობით თანამემამულეა და ლირის გაუფასურება მათ შემოსავალზეც აისახება, რაც საქართევლოში ფულად ტრანზაქციებს შემცირებს.
ხაზი მინდა გავუსვა კიდევ ერთ ფაქტორს, ივლისში საგარეო სავაჭრო ბალანსში თითქმის 40%-იან დონეს მიავაღწიეთ, რაც წინა პერიოდთან შედარებით კარგი მაჩვენებელია. ეს შეიძლებოდა მკვეთად გაუარესებულიყო, ამიტომ, სწორედ ამის ხელშესაშლელად ეროვნული ბანკის ერთადერთი საშუალებაა ეროვნული ვალუტის მიზანმიმართული დევალვაცია მოახდინოს. ანუ ჩვენ ფაქტობრივად, ჩათრეული ვართ და ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, ისე გვიწევს მოქმედება“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.