ვენესუელაში ბენზინის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საწვავის საბაზრო ღირებულებაზე გადადის, თუმცა ამავდროულად სახელმწიფოს მხრიდან მისი სუბსიდირება მოხდება.

„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სუბსიდირების პირდაპირი გეგმა, ორი წლის განმავლობაში. ბენზინი და სხვა ნავთობპროდუქტები უნდა იყიდებოდეს საბაზრო ფასებში, იმისათვის, რომ დასრულდეს კონტრაბანდა კოლუმბიასთან. 18 მილიარდ დოლარს უდრის ერის ის დანაკარგი, რომელიც კოლუმბიასთან კონტრაბანდის შედეგად გვადგება“, - განაცხადა პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას.

იმისათვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებს სუბსიდიების იმედი ჰქონდეთ, ქვეყანაში ავტომობილების აღწერა დაიწყო.

20 აგვისტოს ვენესუელაში ვალუტის დენომინაცია იგეგმება, რა დროსაც მოხდება კუპირებიდან 5 ნულის ჩამოჭრა და მისი მიბმა ვენესუელურ კრიპტოვალუტასთან „პეტრო“. მისი ერთი ერთეულის ფასი კი ერთი ბარელი ნავთობის ფასს უდრის.

კოკა კვირკველია