გამოკითხულ თბილისელთა 30% არ აქცევს ყურადღებას, გენმოდიფიცირებულია თუ არა საკვები

ყოველი მესამე თბილისელი ანუ გამოკითხულთა 33% საკვები პროდუქციის შეძენისას თითქმის ყოველთვის ცდილობს გაარკვიოს გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი.ამის შესახებ „ეისითის“ კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30% ამ საკითხს არასოდეს აქცევს ყურადღებას.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საკვები პროდუქტების წარმოშობის საკითხი ქალებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცებისათვის და მამაკაცებთან შედარებით, მეტი ქალი თვლის, რომ ამ ტიპის საკვები ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

„ზოგადად, გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ჯანმრთელობისათვის ძალზე საზიანოდ მიიჩნევს თბილისელების უმრავლესობა ანუ გამოკითხულთა 74%, თუმცა, საინტერესოა, რომ შფოთვის ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. უფროსი ასაკის მოქალაქეებს მეტად აღელვებს ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების არსებობა,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევა, თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში ჩატარდა.

მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

bpn