გიორგი ქადაგიძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე დღეს, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეხვედრაზე დეტალურად გაივლიან იმ გამოწვევებს, რომელიც სამომხმარებლო სექტორში არსებობს.

"ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ მე უკვე გავაკეთე განცხადება. ეს ეხებოდა ე.წ. საკრედიტო მახეებს, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ პრობლემებს და გამოწვევებს. ამ ყველაფერზე გვექნება ხუთშაბათს საუბარი", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე პირველ რიგში საუბარი იქნება საცალო სეგმენტზე, საცალო დაკრედიტების სეგმენტზე, სამომხმარებლო სესხებზე, გამჭვირვალობაზე და "ვალის ტვირთზე, რომელიც მოსახლეობაში გროვდება ამ მიმართულებით".