წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ქუთაისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, 11-13 აგვისტოს, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სგპ წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქის, კ.გ-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 139.62 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9,398.53 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9,398.53 ლარის ოდენობით შეეფარდა. ასევე, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 61, 28 გრამი) აღმოაჩინეს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს მოქალაქის, მ.ჭ-ს კუთვნილი ხელბარგის შემოწმებისას. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,138 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5,138 ლარის ოდენობით შეეფარდა.