2018 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის II კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7 პროცენტით მეტია,- ამის შესხებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი - 45.8 %- ის მიღება 31-50 წლის ასაკის მოგზაურებისგან მოხდა.
„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული
ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.8 პროცენტით არის გაზრდილი”, - ნათქვამია სტატისტიკურ მონაცემებში.
ამასთან, სტატისტიკურ ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც მათივე ცნობით, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 15.7 პროცენტით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, როგორც სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.4 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 28.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.7 პროცენტი როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 276.6 ათასი ვიზიტორი,
რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6 პროცენტს შეადგენს და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 31.6 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
„ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების
მიერ განხორციელდა, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე, საქსტატის ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა - 45.8 პროცენტი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების 38.5 პროცენტს შეადგენდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ვიზიტი - 44 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
რაც შეეხება ადგილებს, სადაც ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა, საქსტატის ინფორმაციით, ეს ტერიტორიები თბილისი (846,2 ათასი ვიზიტი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა (446 ათასი ვიზიტი).
მიმდინარე წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო
რაოდენობამ კი 3.6 ღამე შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე
(3.9 ღამე) 8 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, განხორციელებული ვიზიტების 70 პროცენტი განმეორებითი ხასიათის ვიზიტი იყო.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31.5 პროცენტით აღემატება, ხოლო ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,144.1 ლარი შეადგინა.