2018 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი; 4-ვარსკვლავიანის - 254; ხოლო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასმა - 455 ლარი შეადგინა. ამის შესახებ PMCG-ს კლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში (180 ლარი) და აჭარაში (156 ლარი); ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლსა (89 ლარი) და იმერეთში (110 ლარი) დაფიქსირდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ივლისში სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის (ოქტომბერი - ივლისი) მაქსიმუმს მიაღწია.
„4-ვარსკვლავიანი სასტუმროებს შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში (297 ლარი) და კახეთში (289 ლარი) დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. გასულ თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით სამეგრელო-ზემო სვანეთი (155 ლარი) და იმერეთი (219 ლარი) გამოირჩეოდა.
რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 443 ლარი, აჭარაში - 432 ლარი, ხოლო კახეთში - 408 ლარი შეადგინა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. თბილისში ბოლო ათი თვის განმავლობაში, ამ ტიპის სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო კახეთში - ივნისში,“-აღნიშნულია კვლევაში.