"მე ვიქნები გარანტორი, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ განთავსდება"

მე ვიქნები გარანტორი, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არც ერთი პროექტი არ განხორციელდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „კია მოტორსის" შენობა ტყე-პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზეა, ამიტომ იქ საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ძალიან მარტივად ვუპასუხებ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული კამპანია, თუმცა საზოგადოების მოტყუების შესაძლებლობას არავის მივცემთ. იმის გარანტორი ვიქნები მე, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არც ერთი პროექტი არ განხორციელდება. „კია მოტორსის" ადგილზე განსახორციელებელ ადგილს რაც შეეხება, დიღმის ტყე-პარკთან ამ ტერიტორიას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მომიჯნავე ტერიტორია, კერძო საკუთრება და საზოგადოებრივი საქმიანი ზონის სტატუსი აქვს, რომელიც 2011 წელს მიენიჭა. ის სიმახინჯე, რომელიც „კია მოტორსის" ცენტრის სახით გვაქვს წარმოდგენილი, მის ნაცვლად გაკეთდება საზოგადოებრივი ცენტრი, ბევრი საინტერესო სივრცე, საკონცერტო დარბაზები, საგამოფენო დარბაზები და მგონია, რომ ქალაქს საინტერესო სივრცე შეემატება",- განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას, რასაც მოსახლეობა ითხოვს, კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის მოთხოვნაა ტყე-პარკში არანაირი მშენებლობა არ განხორციელდეს და ამ პირობას მერია აუცილებლად შეასრულებს.

„მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობისგან" დაიცვა დიღმის ტყე-პარკი. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მაინც მოხდა ფართების გასხვისება და დიღმის ტყე-პარკის უმეტესობა, თუ მთლიანად არა, კერძო საკუთრებაა, შესაბამისად, ჩემი დავალებით დაწყებულია ამ ფართების გამოსყიდვა და მოხდება ლამაზი პარკის მოწყობა თავისი ინფრასტრუქტურით",- განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ტყე-პარკის ფართების გამოსყიდვა მერიას „ძალიან დიდი თანხა დაუჯდება".

„აქ არ არის მხოლოდ თანხებზე საუბარი. ადგილმონაცვლეობასაც ვთავაზობთ. ფართების გამოსყიდვის შემდეგ, რომლის პროცესიც დაწყებულია, პროექტზე მუშაობას დავიწყებთ",- განაცხადა კალაძემ.