საქართველოს შვეიცარიელი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა

მომავალ კვირას საქართველოს შვეიცარიელი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო ავრცელებს.

შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი გიუნტერ ბეხლერი ესტუმრა საქართველოს იმ რეგიონებს, სადაც შვეიცარიული ინვესტიციებია ჩადებული. თავდაპირველად იგი ეწვია ონის რაიონში სასაქონლო ფერმას, სადაც 300-მდე ძროხა და ხბოა და მასთან არსებულ ახლად დასრულებულ თანამედროვე სასაკლაოს. ფერმის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ ჯანმრთელი და მსხვილი საქონლის ჯიშების გამოყვანაში კავკასიური და შვეიცარიული ჯიშების შერევით, არამედ მისი მიზანია აგრეთვე შეიქმნას სრულყოფილი საწარმოო ჯაჭვი.

საელჩოს ინფორმაციით, შვეიცარიის ელჩი დარწმუნებულია, რომ ასეთი კერძო ინვესტიციები არა მხოლოდ გააძლიერებს საქართველოსა და შვეიცარიას შორის პარტნიორობას, არამედ დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს რეგიონების გრძელვადიან სოციალურ, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ განვითარებაში.

შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, მზარდი ბიზნესია აგრეთვე თხილის წარმოება ზუგდიდთან ახლოს. ინვესტორი თითქმის ამთავრებს პირველი ქარხნის მშენებლობას, სადაც მოხდება თხილის შეგროვება, გაშრობა და შემდეგ მისი გადაზიდვა სხვადასხვა ქვეყნებში, თუნდაც შვეიცარიაში, შოკოლადის წარმოებაში გამოსაყენებლად. მეორე ქარხანა, რომელიც დაამუშავებს თხილს და მისგან სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს, მომავალ წელს დასრულდება.

"ინვესტიციები ხელს შეუწყობს ზოგადად სამეგრელოს რეგიონის გრძელვადიან განვითარებას. 600-მდე წვრილი მეწარმე, გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე აწვდის თავის მოსავალს ზუგდიდის ქარხანას. საჭიროების შემთხვევაში მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მცირე და იაფი კრედიტები, რათა გადალახონ ზაფხულის სეზონი", - ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.