„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს ავრცელებს, რომლებიც მათი განმარტებით, მომხმარებლებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ყოველთვის დაეხმარება.
მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც თანხის გადახდას აპირებს.
რეკომენდაცია N5 -ის მიხედვით, შეცდომის დაშვების თავიდან ასაცილებლად, ფინანსების სწორად დათვლა უნდა მოხდეს.
„იმ შემთხვევაში თუ „კარგი“ შანსი ჩაგივარდათ და ბინა განსაკუთრებულად იაფია, იცოდეთ, რომ ეს საეჭვოა და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დასვით - თუ ბინას დეველოპერი/სამშენებლო კომპანია ყიდის და ირგვლივ ფასები ბევრად უფრო მაღალია - დიდი სიფრთხილე გმართებთ - დარწმუნდით, რომ კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე არ დგას.
დააზუსტეთ დაბალი ფასის მიზეზი – დაბალი ფასის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელი იყოს მშენებლობის ადრეული სტადია, უხარისხო სამშენებლო მასალა და დეველოპერის არაპროფესიონალიზმი. დაბალი ფასი ხშირად პროექტის ფინანსურად არასწორი გათვლის შედეგია”, - განმარტავს „მენაშენეთა ასოციაცია“.
ამასთან, მენაშენეები მომხმარებელს ურჩევენ, რომ „შავი კარკასის“ შეძენას მოერიდონ, რადგან, მათი თქმით, საბოლოო ჯამში ერთ რიგით მომხმარებელს საცალო ფასებში ის „თეთრ კარკასზე“ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მშენებელს საბითუმო ფასად.
„გაარკვიეთ რა იგულისხმება შემოთავაზებულ „თეთრ“ ან ,,მწვანე კარკასში”, რადგან სხვადასხვა კომპანიის ჩაბარების კონდიცია განსხვავებულია. რაც უფრო მეტი პირობაა, მით ნაკლები თანხა სჭირდება სახლის საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანას.
დააზუსტეთ განვადების პროცენტი და შეადარეთ საბანკო განვადების პროცენტს. დარწმუნდით, რომ ბინას საბანკოზე გაცილებით ცუდ პირობაში არ იძენთ. გახსოვდეთ, რომ ”უპროცენტო ფული” და შესაბამისად ”უპროცენტო განვადება” არ არსებობს და განვადების პროცენტი”უპროცენტო” განვადების ფასში ყოველთვის გათვალისწინებულია”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.
ამასთან, მენაშენეების რჩევის თანახმად, განვადების პირობები - პირველადი შენატანის მოცულობა და ყოველთვიური გადასახდელი ხელშეკრულებაში უნდა დაფიქსირდეს.
ამასთან, „მენაშენეთა ასოციაციის“ ცნობით, პირველი ოთხი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის, მშენებლობის ხარისხში გარკვევისა და საცხოვრებელი გარემოს სწორად შერჩევის საკითხებს ეხებოდა.
მათივე თქმით, „მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას გაითვალისწინონ. ასოციაციის განცხადების თანახმად, ისინი რეკომენდაციებს მომხმარებლებს ეტაპობრივად გააცნობენ.