ერაყი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს ბოლომდე არ შეასრულებს

ერაყი აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა.

„ჩვენ ირანის საკითხზე აღებულ ვალდებულებებს შევასრულებთ და თეირანთან ტრანზაქციებისას დოლარს არ გამოვიყენებთ“, - განაცხადა აბადიმ ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გასულ კვირას ერაყის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ შემოღებულ სანქციებს არ ეთანხმება, მაგრამ საკუთარი ინტერესების დასაცავად მათ შეასრულებს. როგორც „როიტერსი“ წერს, აშშ და ირანი ერაყის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან და სანქციებმა ბაღდადი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება, თუმცა სანქციების პირველი ეტაპი 6 აგვისტოს ამოქმედდა. ამ ეტაპზე, ირანს შეეზღუდა წვდომა დოლარზე, ოქროზე და სხვა ძვირფას ლითონებზე. ასევე შეეზღუდა ქვანახშირის და იმ პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა, რაც მრეწველობისთვის არის საჭირო.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სანქციების მეორე ეტაპის მიზანი, რომელიც სამ თვეში შევა ძალაში, იქნება ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, ასევე ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტის აღკვეთა. ამ ყველაფრის მიზანი ერთია - არ გახდეს ირანი ბირთვული ქვეყანა.

კოკა კვირკველია