მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული „ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის გაფართოების ფარგლებში განხორციელდა. საუბარია დიაბეტის მეორე ფორმით დაავადებული პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო და მოხმარებად მედიკამენტებზე, ესენია: სიოფორი, დიაბეტონი და ამარილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ - საერთაშორისო და ადგილობრივი ფარმ მწარმოებელი კომპანიებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საფუძველზე, ეგრეთ წოდებული კორპორაციული პასუხისმგებლობის დევიზით ხორციელდება.
მათივე განცხადებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში აქტიურად ჩაბმულია „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია“, რომლის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნული ააიპ-ის - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ -გამგეობის თავმჯდომარეცაა.
ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, პროგრამა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება.
„მინდა, პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის ყველაზე უფრო საჭირო და მოხმარებადი მედიკამენტები, მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. მათი ღირებულება ამ ეტაპზე საგრძნობლად შემცირდა. დავუშვათ, თუ წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ამ ტიპის მედიკამენტებში ხარჯავდა 10 მილიონ ლარს, ამჟამად ეს თანხა შემცირდება 5 მილიონ ლარამდე, რაც დანახარჯების განახევრებას გამოიწვევს“, -განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის, მსგავსი სახის პროექტები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ განხორციელდა - მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც დღემდე გრძელდება, პეგილირებული ინტერფერონის წარმოების პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცილებით შეამცირა ფასები და გაზარდა ხელმისაწვდომობა.
„პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ ხელმძღანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი ინიციატივა, დიდი სტიმულია ნებისმიერი საერთაშორისო კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში ოპერირებს, გაატაროს არამხოლოდ კომერციული ინტერესები, არამედ გაცილებით მეტი გააკეთოს მოსახლეობისათვის. ამ ერთობლივი პროექტებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობის ფაქტორი გაიზარდა.
„სექტემბრიდან პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და გულსისხლძარღვთა სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება როგორც პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის, ასევე სხვა დანარჩენი მოსახლეობისათვის“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.