„თურქეთის ეკონომიკური პრობლემები არანაირად არ არის დაკავშირებული ვაშინგტონის ქმედებებზე“

თურქეთის ეკონომიკური პრობლემები არანაირად არ არის დაკავშირებული ვაშინგტონის ქმედებებზე ან პოლიტიკაზე - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

„ეკონომისტები იტყვიან, რომ რაც თურქეთში ხდება, თურქეთის მიმართ ამერიკის ამჟამინდელ პოლიტიკასთან კავშირში არ არის. თურქეთის ეკონომიკური პრობლემები არ დაწყებულა მას შემდეგ, რაც 1-ელ აგვისტოს ორ თურქ მაღალჩინოსანზე დავაწესეთ სანქციები“, - განაცხადა ნაუერტმა.

მას ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებაზე ამერიკული ელექტრომოწყობილობების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. მან უპასუხა, რომ ნახა ეს განცხადება, მაგრამ გასარკვევია, ეს ანკარის რეალური პოლიტიკაა, თუ არა.

შეგახსენებთ, გუშინ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აპირებენ ბოიკოტი გამოუცხადონ ამერიკულ ელექტრონულ მოწყობილობებს, მათ შორის, ამერიკული წარმოების სმარტფონებს. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, გადაცვალონ დოლარები ლირებში, კურსის სტაბილიზაციისთვის.

უკვე დღეს კი ცნობილი ხდება, რომ თურქეთი ზრდის გადასახადებს ამერიკული წარმოების სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის ავტომობილებზე.

კოკა კვირკველია