გიორგი ქადაგიძე მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქადაგიძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა სესხის აღებისას არა მხოლოდ კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებები, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.

"უკანასკნელი ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. თუ ამას დავუმატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს და სხვა, ვიღებთ სურათს, როცა ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის საკმაოდ მაღალი და კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში, ის შეიძლება დიდ საფრთხეებს შეიცავდეს. ამავე დროს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანების ნაწილს ფინანსური პრობლემა შეექმნას. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ის მიაკითხავს შესაბამის ინსტიტუტს სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით. პრობლემა და არაეთიკური პოლიტიკა კი არის ზუსტად იმაში, რომ ესა თუ ის საკრედიტო ინსტიტუტი ასეთ ადამიანს სთავაზობს ახალ სესხს ძველი სესხის გადასაფარად. როგორც წესი, ეს არის საკითხის დროებითი მოგვარება და არა ფუნდამენტურად. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა არის მეორე ფაქტორიც - მინდა უშუალოდ მომხმარებლებს ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო, რომ არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხის გადაფარა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

აღნიშნულ კონტექსტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის კლიენტის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მისადაგება უნდა მოხდეს.

გიორგი ქადაგიძის შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ეროვნული ბანკში გაიმართა. მას სფეროზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.