სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას სასოფლო-სასამეურნეო კოოპერატვების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.
"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 2019 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%-ს.
სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს ბრენდირების კომპონენტს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.
დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს",- ნათქვამია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გვრცელებულ განცხადებაში.