ავტომწარმოებლებს 14 მილიარდი ევროს ჯარიმები ელით

კვლევით კომპანია „IHS მარკიტის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ავტომობილების ტესტების ახალი სტანდარტი (WLTP - მსოფლიოს მსუბუქი ავტომობილების სატესტო ჰარმონიზებული პროცედურები), ავტომწარმოებლებს გამონაბოლქვზე ახალი, მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მკაცრი ჯარიმები ელით, რომლებმაც ჯამში შესაძლოა, 14 მილიარდ ევროსაც კი მიაღწიოს.

2021 წელს მწარმოებელზე საშუალო გამონაბოლქვი ყოველ კილომეტრზე, არ უნდა იყოს 114.9 გრამზე მეტი. „IHS მარკიტის“ ინფორმაციით, ამჟამად მსხვილი მწარმოებლების საშუალო მაჩვენებელი, კილომეტრზე 122.9 გრამს შეადგენს. ყოველ გაყიდულ ავტომობილზე, რომელიც ახალ ზღვარში ვერ ჩაეტევა, მწარმოებელს 2020 წელს 624 ევროს გადახდა მოუწევს, ერთი წლის შემდეგ კი ჯარიმის მოცულობა 814 ევრომდე გაიზრდება.

დიზელგეიტის შემდეგ, ამ ტიპის აგრეგატების წარმოებას ბევრი კომპანია წყვეტს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ევროპის დიდი ქალაქები, ერთმანეთის მიყოლებით ზღუდავენ დიზელისძრავიან ავტომობილებს. ასეთ სიტუაციაში, მწარმოებლები გამოსავალს ელექტრიფიკაციაში ეძებენ. გარდამავალ პერიოდში, ისინი არჩევანს ჰიბრიდულ აგრეგატებზე აჩერებენ, უფრო შორეულ პერსპექტივაში კი ელექტრომობილების წარმოებაზე გადავლენ, რისთვისაც ახლავე იჭერენ თადარიგს.