m²-მა იპოდრომზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაასრულა

კომპანია m2-მა, დღეს, იპოდრომზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დათქმულ ვადაზე 4 თვით ადრე დაასრულა.

როგორც ჟურნალისტებს m2-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ბურდილაძემ განუცხადა, საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ დეველოპერს დათქმულ ვადაზე 4 თვით ადრე დაემთავრებინა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. მისი თქმით, კომპანიის მიმართ ნდობა დიდია და ბინების 97% გაყიდულია.

კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის სამუშაოები დაწყებულია.

აღნიშნული პროექტი 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) დააფინანსა, საიდანაც მხოლოდ 10 მლნ-ის ათვისება მოხდა.როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად შესაძლებელი გახდა 10 მლნ აშშ დოლარის წინსწრებით დაფარვა.

პროექტის სამშენებლო ფართმა 60,724 კვ.მ შეადგინა. გარემონტდა 525 ბინა. ასევე პროექტში გათვალისწინებულია 1,375 კვ. მ კომერციული და 11,047 კვ.მ მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართი.

ამასთან, დღესვე კომპანიაში განაცხადეს, რომ გამოუშვეს ობლიგაციების დამატებითი რაოდენობა.

"ერთი თვის წინ ჩვენ გამოვუშვით კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც პრაქტიკულად 3 კვირაში გავყიდეთ, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა. ამან ჩვენ მოგვცა სტიმული, გამოგვეშვა დამატებით 10 მილიონი დოლარის ობლიგაციები. გუშინ გამოვუშვით და მთლიანად გაიყიდა ეს გამოშვებაც", - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.