OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, OPIC-ის დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა შექმნილი. მათივე ცნობით, კორპორაციის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს მათი ინვესტიციები საქართველოში.
„OPIC-ი ინვესტიციების განხორციელებას განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის სფეროში გეგმავს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ OPIC-ის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაცილებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
პრემიერ-მინისტრსა და OPIC-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ.