შემოსავლების სამსახური ნავთობიმპორტიორების მიერ საბაჟო დეკლარაციაში წარდგენილ საწვავის ღირებულებას რეალურ მონაცემებს შეადარებს

შემოსავლების სამსახური გამარტივებული შესყიდვის წესით, Platts-ს მონაცემთა ბაზასთან წვდომის უფლების შესაბამისი ლიცენზიის შესყიდვას გეგმავს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 785.04 დოლარი, განაცხადის განხილვის ბოლო ვადა კი 20 აგვისტოა.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელების მიერ გაფორმებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციების კორექტირებას ახორციელებს.

„რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა ნავთობპროდუქტების იმპორტიორები და ექსპორტიორები მოგვმართავენ განცხადებებით მათ მიერ გაფორმებულ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებში ცვლილებების შეტანის შესახებ. მითითებულ განცხადებებში იმპორტიორები განმარტავენ, რომ საქონლის გაფორმებისას წარდგენილი ინვოისები და მათში დაფიქსირებული საქონლის ფასები არ არის საბოლოო და საქონლის საბოლოო ფასები, ხელშეკრულებების საფუძველზე, განისაზღვრება კონკრეტული პერიოდის მიხედვით Platts-ის European Marketscan-ის რეპორტებში FOB Med (Italy)-ს განყოფილებაში დაფიქსირებულ ნავთობპროდუქტების ფასებზე დაყრდნობით.

გადამხდელები მტკიცებულებების სახით წარმოადგენენ კორექტირებულ ინვოისებს და Platts-ის რეპორტებს, რომლებზეც საბაჟო დეპარტამენტს წვდომა არ გააჩნია და შესაბამისად ვერ ხერხდება გადამხდელების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლა და გადამოწმება,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო რისკების განსაზღვრის მუშაობის პროცესში, რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭიროა საბაჟო დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების (მათ შორის ღირებულების) შედარება რეალურ მონაცემებთან. შესაბამისად, დეკლარირებული მონაცემების PLATTS-ის მონაცემებთან შედარება საბაჟო დეპარტამენტს რისკების განსაზღვრა-შეფასებაში დაეხმარება.

„ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ და აუდიტის დეპარტამენტში შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეიქმნა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ვინაიდან, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ძირითად არსს წარმოადგენს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შედარება დამოუკიდებელ შედარებად ოპერაციებთან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით შეზღუდულია შიდა ოპერაციებზე აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომა, შესაძლებელია და რიგ შემთხვევებში აუცილებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ დამოუკიდებელ შედარებად ოპერაციებზე დაყრდნობა.

აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით მწვავედ დგას, როდესაც საქმე ეხება ნავთობკომპანიებს შორის დადებულ გარიგებებს, რომელთა თაობაზეც თითქმის შეუძლებელია დამაკმაყოფილებელი შიდა შესადარებელი მონაცემების მოძიება ნავთობპროდუქტების საბაზრო სარეალიზაციო ფასების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დიდ დახმარებას გაუწევდა ისეთ საერთაშორისო მონაცემთა ბაზასთან წვდომა, როგორიც არის PLATTS-ი და რომლის მონაცემების გამოყენება შესაძლებელს გახდის საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ნავთობპროდუქტების საბაზრო ფასის მეტი სიზუსტით გამოთვლას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს ესაჭიროება აღნიშნულ რეპორტებზე წვდომის უფლების მოპოვება შესაბამისი მომსახურების შესყიდვის განხორციელების გზით,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.