შემოდგომიდან თბილისში „ბლაუენშტაინ საქართველოს" მოძრავი მაღაზია გამოჩნდება - კომპანია ახალი ობიექტის გახსნასაც აანონსებს

კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო" მაღაზიების ქსელს აფართოებს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას კომპანიის მენეჯერმა თათია არაბიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, დამატებით ახალი მაღაზია სექტემბერში ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება. ამასთან, შემოდგომაზევე დედაქალაქში გამოჩნდება „ბლაუენშტაინ საქართველოს" მოძრავი მაღაზიაც.

როგორც არაბიძე განმარტავს, კომპანია უკვე ფლობს თბილისში, წერეთლის 67 ნომერში ერთ მაღაზიას, ქსელის გაფართოება კი მათ პროდუქციაზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ახალი მაღაზია ფალიაშვილის 67 ნომერში განთავსდება. ამ ეტაპზე რემონტი თითქმის დასრულებულია. შვეიცარიიდან უკვე გამოგზავნილია დახლ-მაცივრები და ინვენტარისთვის საჭირო ატრიბუტიკა. შემოდგომაზე აუცილებლად გაიხსნება მაღაზია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ თათია არაბიძემ.

„ბლაუნშტაინ საქართველო"-ს ახალი მაღაზიის გახსნაში 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალ მაღაზიაში დასაწყისში 6 ადამიანი დასაქმდება, თუმცა მომავალში კადრები დაემატება.

ფალიაშვილზე ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ, თბილისში „ბლაუნშტაინ საქართველო"-ს მოძრავი მაღაზიაც გამოჩნდება. როგორც თათია არაბიძე აცხადებს, ამ პროექტში 900 000 ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.

„მანქანას ახლა ჩვენი კომპანიის დიზაინში და ფერებში საფრანგეთში ვაწყობინებთ. ეს არის დიდი ზომის მანქანა, რომელიც, როდესაც ჩერდება და კარი იღება, ხდება ჩვეულებრივი მაღაზია. მანქანას უკანა მხარეს ექნება საინფორმაციო დაფა, სადაც იქნება აღნიშნული, თუ რომელ ლოკაციაზე გაჩერდება და სად შეეძლება მსურველს პროდუქციის შეძენა.

პირველ მარშრუტად გათვლილი გვაქვს საბურთალოს ხაზი და თუ გაამართლა, შემდეგ სხვა უბანსაც დავამატებთ. ტრადიციული სავაჭრო ობიექტისგან მოძრავი მაღაზიის სპეციფიკა ოდნავ განსხვავებული იქნება, კერძოდ, თუ ჩვენს მაღაზიებში იყიდება მხოლოდ ის ხორცი, რასაც ჩვენთან ვზრდით, მოძრავ მაღაზიაში გაიყიდება ის ხორციც, რომელსაც რაჭაში გლეხებისგან ვიყიდით“, - განაცხადა არაბიძემ.

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ შვეიცარიულ-ქართული ინვესტიციით 2008 წელს, რაჭის რეგიონში, სოფელ შარდომეთში შეიქმნა და დღემდე კომპანიაში 27 მილიონი დოლარია ჩადებული, საიდანაც 65% შვეიცარული ინვესტიციაა. დღეის მდგომარეობით კომპანიას საქართველოში 75-მდე ადანიმიანი ჰყავს დასაქმებული.

„ბლაუენშტაინ საქართველო“ თბილისში ერთ მაღაზიას 2016 წლიდან ფლობს და მას რაჭაში არსებული ფერმიდან ამარაგებს. ხორცის გარდა კომპანიის მაღაზიაში გაყიდვაშია ხორც-პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

ელზა წიკლაური