”შავი ხვრელები” სახელმწიფო ტენდერებში

ის რაშიც მოქმედი მთავრობა წინამორბედს სდებდა ბრალს, დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება...

გაუმჭვირვალე და კორუფციული ტენდერები წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ ნაცადი ხერხი იყო სასურველი კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შესაქმნელად. საქართველოს პროკურატურაში უამრავი საქმეა შესული, ყოფილი ხელისუფლების დროს, პრივილეგირებული კომპანიების საბიუჯეტო თანხებით წახალისებაზე - საჯაროდ გამოცხადებული ელექტრონული ან სხვა სახის ტენდერების საფარქვეშ. ზოგადი სქემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ტენდერებს აცხადებდნენ, ასეთი იყო: ტენდერი საჯაროდ მხოლოდ მაშინ ცხადდებოდა, როცა გამარჯვებულის ვინაობა უკვე გადაწყვეტილი იყო. ეს კეთდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ეთქვათ: ტენდერი გამოცხადდა და მასში მონაწილეობის უფლება ყველას ჰქონდაო. კომპანიები, რომლებიც ტენდერში იმარჯვებდნენ, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნოდა, ან საგანგებოდ ამ ტენდერისთვის მათ მიერვე ფუძნდებოდა.

თუმცა, ის რაშიც მოქმედი მთავრობა წინამორბედს სდებდა ბრალს, დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება. სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს და BPN-თან რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, "შავი ხვრელები" სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით მაინც დარჩა.

”სატენდერო პირობაში შეიძლება ჩაწერილი იყოს ისეთი პირობა, რომელიც მორგებულია მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესებზე. მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო უწყება აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვაზე, რომელიც წარმოებულია იაპონური დანადგარით. არადა, იგივე საბურავები შეიძლება წარმოებული იყოს მაგალითად, გერმანული ან ამერიკული დანადგარების გამოყენებით და ამ პროდუქციის მიმწოდებელი, სახელმწიფო შემსყიდველს ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასს სთავაზობდეს. ასეთი სატენდერო პირობის ჩაწერა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სატენდერო პირობებს რომელიღაც ერთ კომპანიას არგებენ.

არის შემთხვევები, როცა სატენდერო პირობები განგებ, მცირე ცდომილებით არის შედგენილი. მაგალითად, გამოცხადებულია ტენდერი 1000 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. ტენდერში რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ის, ვინც შემსყიდველს უკეთესს ფასსა და პირობებს სთავაზობს, წესით გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს. თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ სატენდერო პირობებში არ იყო მითითებული, რომ ასაშენებელ 1000 კვ.მ-ში არ იგულისხმებოდა შენობის სარდაფი ან მანსარდა, რომლის აშენების ვალდებულება ასევე ეკისრება თურმე ტენდერში გმარჯვებულ სუბიექტს. ეს კი ბუნებრივია ზრდის ხარჯებს და სუბიექტი, რომელმაც ტენდერში საუკეთესო ფასი წარმოადგინა, ამ თანხაში დამატებით სამუშაოებს ბუნებრივია, რომ ვერ შეასრულებს. ასეთ შემთხვევაში ტენდერი კი არ იშლება, არამედ ამ სუბიექტს, რომელიც წესით გამარჯვებულად უნდა გამოეცხადებინათ, დისკვალიფიკაცია ეძლევა და ის ეთიშება ტენდერს. სახელმწიფო შეკვეთა სხვა კომპანიის ხელში გადადის, რომელსაც შესაძლოა, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია და თავიდანვე შედარებით მაღალი ფასი დააფიქსირა.

ასეთ ვითარებაში კი მეწარმეც ზარალდება და სახელმწიფო ბიუჯეტიც, სამაგიეროდ ერთეულები ხეირობენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი ბუნებრივია, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეულ კომპანიებთან მოლაპარაკების გზით, სატენდერო პირობებში ისეთი ჩანაწერი კეთდება, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ჩააყენებს პრივილეგირებულ პირობებში. ანუ, ფაქტობრივად, ისევ ვიღაცას არგებენ სატენდერო პირობებს, იმის ნაცვლად, რომ რაც შეიძლება მეტ ბიზნესსუბიექტს მისცენ ტენდერში მონაწილეობის უფლება და ამით სახელმწიფო ბიუჯეტიც დაზოგონ. ამიტომ, ე.წ. ჩაწყობილი ტენდერების თემა, ხელისუფლების შეცლის მიუხედავად, მაინც აქტუალურია,” - აცხადებს BPN-თან საუბრისას, ბიზნესმენი ამირან ლაცაბიძე.

ამ საკითხზე BPN-ი რამდენიმე სახელმწიფო უწყებასაც ესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად ხშირია სახელმწიფო ტენდერების გასაჩივრების ფაქტები. როგორც თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ გვითხრა, 2014 წელს თავდაცვის სამინისტრომ სულ 200-მდე ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან რვა გასაჩივრდა და ორი საჩივარი დაკმაყოფილდა კიდეც.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეკონომიკური დეპარტამენტის, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი, ირაკლი დარბუაშვილი ამბობს, ის ამ თანამდებობაზე დიდი ხანი არ არის, რაც დაინიშნა, აქედან გამომდინარე აღნიშნულ თემაზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ბიზნესმენებს პრეტენზიებით მისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ, თუმცა ადასტურებს, რომ სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებით საჩივრები არსებობს.

"ტენდერში გასამარჯვებლად საკმარისია ის მოთხოვნები, რაც თავიდანვე წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. თუ ვინმე სადმე რამეს აკეთებს ამ მიმართულებით, ეს მე არ ვიცი, მაგრამ კომპანია სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაწერილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.

მარტის თვიდან დღემდე, ჩვენ მიერ გამოცხადებული ორი ტენდერია გასაჩივრებული. ტენდერთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა, საჩივარი, ინფორმაცია საჯაროა და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე დევს”,- ამბობს დარგუაშვილი.

როგორც ჩანს, სახელმწიფო ტენდერები კვლავ მსუყე ლუკმაა სახელმწიფო ჩინოსანთა საცდუნებლად. ამ ცდუნების აღკვეთის საუკეთესო საშუალება კი ასეთი ფაქტების გამოვლენაა.

ამიტომ, გთხოვთ მსგავსი შემთხვევების შესახებ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: bpn@bpn.ge

ტელ

: +995 32 2 38 78 00