საბიუჯეტო ორგანიზაციებს ხე-ტყის მოჭრისა და დამზადების უფლება ჩამოერთვა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტყით სარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაბეიშვილმა განუცხადა. ამასთან, მისი თქმით, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გარკვეული შეზღუდვები რიგით მოქალაქეებზეც ამოქმედდება. თუმცა კონკრეტულად როდიდან, ეს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიხედვით, 2013 წლიდან 2015 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა არალეგალური ტყითსარგებლობის ფაქტები, შესაბამისად, გაზრდილია გარემოზე მიყენებული ზიანიც.
2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც: „სოციალურ სექტორში სათბობი შეშის დეფიციტია.
კერძოდ, სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყოფილი რესურსის მოცულობა მოსახლეობისთვის არასაკმარისია და სათბობი შეშის ალტერნატიული წყაროების არარსებობის/სიძვირის გამო, მოსახლეობა მოიხმარს არალეგალური წარმოშობის რესურსს. სათბობი შეშის დეფიციტზე ასევე მიუთითებს უკანონო ჭრების მზარდი ტენდენცია.
შესაბამისად, ცვლილებამ, რომ სახელმწიფომ და კერძოდ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ თავად განახორციელოს ე.წ. სოციალური ჭრები, უკანონო ჭრის ფაქტები უნდა შეამციროს.
ტყით სარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხაბეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციამ, რომელსაც ტყიდან შეშის გამოტანა სურს, უნდა მიმართოს სატყეო სააგენტოს, რომელიც თავად დაუმზადებს და დანიშნულების ადგილზე მიაწვდის, ან სასაწყობე ადგილიდან თავად გაიტანს.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებს აღარ აქვს იმის უფლება, რომ ტყეში შევიდნენ, თავად მოჭრან და დაამზადონ შეშა. ამისთვის უნდა მიმართონ სატყეო სააგენტოს, რომელიც მის მიერვე დამზადებული ხე-ტყიდან გადასცემს მოთხოვნილ რესურსს. ჩვენ თვითონ შევუტანთ, ან სადაც სასაწყობე ადგილები გვაქვს, იქიდან გაიტანენ. ტყიდან აუცილებლად ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. რაც შეეხება რაოდენობას, რა მოთხოვნაც ექნებათ, იმ რაოდენობის შეშას მივაწვდით“,-აცხადებს გიორგი ხაბეიშვილი.
მისი თქმით, გასულ წელს აღნიშნული შეზღუდვები მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდებოდა, რომელსაც სატყეო სააგენტომ 30 000 კუბური მეტრი შეშა მიაწოდა. წელს კი, კანონში შესული ცვლილების თანახმად, მათ რიგებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებიც დაემატა.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოთხოვნები უკვე გამოგზავნილია, ამჟამად მიმდინარეობს ამის დაუმუშავება და ეტაპობრივად განვახორციელებთ მიწოდებას“,-აცხადებს გიორგი ხაბეიშვილი.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ტყით სარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ დროისთვის მოქალაქეებზე წლის განმავლობაში მთიან რეგიოში 15, ბარში კი 7 კუბური მეტრ შეშაზე გაიცემა ვაუჩერი.
„მოქალაქეებისთვის ისეთი შეზრუდვა, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებს აქვთ, არ ვრცელდება, თუმცა, უნებართვოდ არც მათ შეუძლით შეშის გატანა. კანონმდებლობით დადგენილია, რომ მაღალმთიან ზონაში წლის განმავლობაში 15 კუბური მეტრის, ხოლო ბარში 7 კუბური მეტრის გატანა შეუძლიათ.
აქ ცალსახად ხაზი უნდა გავუსვა, რომ შემუშავებულია და მთავრობაში წარდგენილია ტყის კოდექსი, რომელსაც სატყეო მეურნეობის წარმოების მიმართულებით შემოაქვს სხვა მიდგომები. თუმცა, ეს კოდექსი მიღებული არ არის და სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, როდის მიიღებენ. ჯერჯერობით სოციალური ჭრების ასპექტში ის ვითარება გვაქვს, რაც მოგახსენეთ“,-აცხადებს ტყით სარგებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, მოსახლეობა საშეშე რესურსს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სოციალური ჭრის აქტივობის ფარგლებში მოიპოვებს. შესაბამისი ცვლილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 2010 წლის 20 აგვისტოს შევიდა.