კაიროს (ეგვიპტე) ჰელვანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უჩვეულო ავტომობილი შექმნეს, რომელიც შეკუმშულ აირზე მუშაობს.
გარეგნულად მათი ქმნილება ვერ მოგხიბლავთ, მაგრამ თავისი ეკოლოგიურობით გამოირჩევა. ერთადგილიან მანქანას სახელი არ აქვს, არც კომფორტულია და არც დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. მაგრამ ვისაც გარემოზე გული შესტკივა, მათ ასეთი ავტომობილი ნამდვილად მოხიბლავს.
ეს არის ნამდვილი მწვანე ავტომობილი, რომლის აგებაც სტუდენტებს სულ რაღაც, 1000 დოლარის ფარგლებში დაუჯდათ. მისი მაქსიმალური სიჩქარე 40 კილომეტრია საათში. შეკუმშული აირის ერთი სრული დამუხტვა, 30 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. სამაგიეროდ: „ამ მანქანის საექსპლუატაციო ხარჯი თითქმის არაფერია. ჩვენ ხომ მხოლოდ შეკუმშულ აირს ვიყენებთ. არც საწვავის ყიდვაა საჭირო და არც ძრავის გაგრილება“, - ამბობს პროექტის ავტორი ერთ-ერთი სტუდენტი მაჰმუდ იასერი.
შეკუმშულ აირზე მომუშავე ავტომობილის ავტორები ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო თანხები მოიზიდონ და ავტომობილი დახვეწონ, რათა მისი მახასიათებლები უფრო დაუახლოვონ ჩვეულებრივი ავტომობილებისას. ორი მთავარი პარამეტრი, რომლების გაუმჯობესებაც სურთ, არის სიჩქარე და სვლის სიშორე. სტუდენტები მაქსიმალური სიჩქარის 100 კმ/სთ-მდე გაზრდას და ერთი დატენვით სვლის სიშორის 100 კილომეტრამდე გაზრდას აპირებენ.