მეტრო "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალი კვანძის მოწყობას იწყებს

სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გლდანში, მეტრო "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალი კვანძის მოწყობას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეშელიძის ქუჩიდან ავჭალის მიმართულებით, გლდანის ხიდების გავლით, სატრანსპორტო საშუალებები ახალი პანდუსებით იმოძრავებენ. სულ ორი პანდუსი მოეწყობა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას შეუზღუდავად უზრუნველყოფს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა გამარტივდება და მნიშვნელოვნად განიტვირთება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

ახალი პანდუსების სამშენებლო სამუშაოები დღეს, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსებმა დაათვალიერეს.