ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა სასტუმრო „ველმონდზე“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) საუბრისას განაცხადა.„აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პოზიცია არის, რომ ტურისტები უნდა იყვნენ უსაფრთხოდ. ნებისმიერ სასტუმროში მათთვის უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ბიზნესისთვის არის ცუდი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია. ამიტომაც ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისიერმა ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო და კონკრეტულმა სასტუმრომაც უნდა უზრუნველყოს ეს საკითხი“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
რაც შეეხება სხვა სასტუმროებში უსაფრთხოების საკითხებს, მისი თქმით, ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციაა.
„მონიტორინგი ხორციელდება. ჩემი ინფორმაციით, 100-მდე სასტუმროა შემოწმებული, დაახლოებით 40-მდე დაჯარიმებულია. მათ კონრეტული ვადა აქვთ მიცემული შესაბამისი საკითხების გამოსასწორებლად. ჩვენი პოზიციაა, რომ, რა თქმა უნდა, ტურიზმი უნდა განვითარდეს, უნდა აშენდეს კიდევ უფრო ბევრი სასტუმრო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ტურისტების და აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სასტუმროს კომპეტენციაა, რომ ტურისტები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანოს.
„სასტუმრომ უნდა გადაიყვანოს ტურისტები უსაფრთხო გარემოში. მე როგორც ვიცი, მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა მიცემული. ერთი თვის წინ მოხდა მათი ინფორმირება, რომ საკითხები არ იყო გამოსწორებული. 43 რეკომენდაცია გაიცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, ამ 43-დან ჯერ კიდევ გამოსასწორებელია ყველა მათგანი“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდი”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სასტუმრო „ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.