აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დიდი სურვილი აქვს, ამერიკულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის წარმოება აშშ-ის ფარგლებს გარეთ არ გაიტანონ.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა. მას ჟურნალისტებმა სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის „ტვიტერში“ გაკეთებულ პოსტზე, სადაც ის წერდა, რომ ბევრი აპირებს Harley-Davidson-ის ბოიკოტირებას, თუ ეს კომპანია საწარმოო პროცესს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაიტანს.
„პრეზიდენტის დიდი სურვილია ამერიკულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია აწარმოონ აქ, შტატებში და ის იღწვის იმისთვისაც, რომ ის ამერიკული კომპანიები, რომლებსაც აქვთ წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაბრუნდნენ შტატებში და აქ აწარმოონ ბიზნესი“ - განაცხადა სანდერსმა.
მას დამატებით არ განუმარტავს, მართლა ბოიკოტს უცხადებს თუ არა ტრამპი მოტოციკლეტების ლეგენდარულ მწარმოებელს.
შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში Harley-Davidson-მა წარმოების ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გადატანის შესახებ გამოაცხადა, რათა თავი აერიდებინა საპასუხო ზომებისთვის ევროკავშირის მხრიდან აშშ-ის მიერ დაწესებულ საბაჟო ტარიფებზე. როგორც CNBC წერს, ევროკავშირის ტარიფები კომპანიას წლიურად 90-200 მილიონი დაუჯდება.
კოკა კვირკველია