შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა იმ რუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან აკრძალულ ვაჭრობაში არიან ჩართულნი.
რუსული საპორტო მომსახურების სააგენტო და ჩინური კომპანიები, ჩრდილოეთ კორეის გემებს, ქვეყანაში ალკოჰოლის და თამბაქოს შეტანაში ეხმარებოდნენ.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთში ბაზირებულმა „დალიან სან მუნ სტარ ინტერნეიშენელმა“ და სინგაპურში ბაზირებულმა მისმა შვილობილმა კომპანია SINSMS-მა ჩრდილოეთ კორეაში შემოვლითი გზებით, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თამბაქო და ალკოჰოლი შეიტანეს.
სახაზინო დეპარტამენტის სანქცია ასევე შეეხო რუსეთში ბაზირებულ კომპანია „პროფინეტს“ და მის გენერალურ დირექტორ ვასილი კოლჩანოვს, რომლებმაც ექვს შემთხვევაში, საპორტო მომსახურება გაუწიეს ჩრდილოეთ კორეის დროშით მცურავ გემებს. კოლჩანოვი პირადად არის ჩართული ჩრდილოეთ კორეის მხარესთან მოლაპარაკებათა წარმოებაში, რომლებსაც რუსეთში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან აწარმოებდა.
სანქციების შესაბამისად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ იმ პირებთან და კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებსაც სანქციები შეეხებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში არსებული მათი ქონება დაიბლოკება.