ნიუ-იორკში Uber-ზე ლიცენზიები არ გაიცემა

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც დროებით შეაჩერებს მძღოლის ლიცენზიების გაცემას Uber-ისა და Lyft-ის მძღოლებზე. ამის შესახებ The New York Times წერს.

აღნიშნული ზომა ითვალისწინებს ლიცენზიის გაცემის აკრძალვას 1 წლით. აღნიშნულს კი საფუძვლად დაედო მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისში საგზაო მოძრაობის გადატვირთულობა და ქალაქის ოფიციალური ტაქსის კომპანიების შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირება. კანონპროექტის განხილვა კი ნიუ-იორკის ტაქსის კომპანიის წარმომადგენლების მკაცრი მოთხოვნის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც ითხოვდნენ Uber-ისა და Lyft-ის სრულად აკრძალვას ან მათი საქმიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას.

თავად ეს კომპანიები კი ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ლიცენზიების გაცემის შეჩერება ნეგატიურად აისახება ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებ ადამიანებზე, სადაც კარგად არ არის განვითარებული სატრანსპორტო სისტემა. ამასთან, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გააძვიროს მათი კომპანიებით მომსახურება.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2015 წლისთვის ნიუ-იორკში Uber-ის, Lyft-ისა და სხვა ანალოგიური კომპანიების 25 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული. ამ დროისთვის კი ქალაქში მათი რაოდენობა 80 ათასია.

კოკა კვირკველია