”ალგორითმი” სახელმწიფო შეკვეთის გარეშე რჩება?

ნეთბუქების ტენდერში „ალგორითმის“ ნაცვლად, კომპანია ,,იუჯითიმ’’ გაიმარჯვა.

”ალგორითმი” ბოლო წლებში სისტემატურად მონაწილეობდა ნეთბუქების პროექტში და იმარჯვებდა კიდეც. გასულ წელს ამ პროექტის ფარგლებში კომპანიამ პირველკლასელებისთვის 35 ათასი ნეთბუქი დაამზადა. ახლა კი, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეთბუქების ტენდერში, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, კომპანია "იუჯითიმ" გაიმარჯვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა ნეთბუქების შესყიდვაზე ტენდერი 14 მაისს გამოცხადდა და 4 ივნისს დასრულდა. სამინისტროს მიერ შესასყიდად გამოცხადდა 46 ათასი ნეთბუქი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ 608 ათას ლარს შეადგენდა. ტენდერში კომპანია "იუჯითმა” 46 000 ნეთბუქის მიწოდების ფასად 18 593 568 მილიონი ლარი დაასახელა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ”იუჯითი” ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მასთან ხელშეკრულება ამ დღეებშივე გაფორმდება.

”ალგორითმში” არ ადასტურებენ, რომ ტენდერი წააგეს, თუმცა აშკარაა, რომ კომპანიას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც ”ალგორითმის” ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წამომადგენელმა bpn.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

”მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უფრო მეტი თანხის დასახელება ტენდერში გამარჯვებას სულაც არ ნიშნავს. ჯერ ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. მედიის წარმომადგენლებს ძალიან ვთხოვთ: 1-2 დღით თავი შეიკავეთ ამ საკითხის განხილვისაგან. ამ დღეებში ყველაფერი გაირკვევა და სრულყოფილ ინფორმაციას ჩვენ თვითონ მოგაწვდით. მერწმუნეთ, ეს ინფორმაცია დაზუსტებული და უტყუარი იქნება, ჯერჯერობით კი, მეტს ვერაფერს გეტყვით”, - აცხადებენ კომპანიაში.

ხათუნა ჩიგოგიძე