აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ფედერალური კომისია (SEC) კომპანია Tesla-ს წარმომადგენლებს დაკითხვაზე იბარებს.
საქმე ეხება, კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც კომპანიამ შესაძლოა, ყველა აქცია ამოისყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Fox Business ავრცელებს.
ტელეკომპანიის წყაროების ცნობით, SEC-მა სან-ფრანცისკოში დააგზავნა უწყებები Tesla-ს წარმომადგენლებთან, რათა წარმოადგინონ ყველა საჭირო დოკუმენტი და მისცენ ჩვენება ილონ მასკის განცხადებასთან დაკავშირებით. Tesla-ში კი უკვე დაიქირავეს საკუთარი ინტერესების დამცველი ადვოკატები და სულ ცოტა, ორი იურიდიული კომპანია.
კომპანიაშიც და მარეგულირებელშიც დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, გასული კვირის სამშაბათს ილონ მასკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კომპანია Tesla-ს აქციების ამოსყიდვა სურს, რომლის თანახმად Tesla-ს თითო აქციას 420 დოლარად შეიძენდა.
მისი განცხადებით, Tesla - როგორც სააქციო კომპანია, ვალდებულია კვარტალური შედეგები გამოაქვეყნოს, რაც მასზე ძლიერ ზეწოლას ახდენს და არასწორი გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს, რომელიც ერთი კვარტლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის მიმართული. მასკმა არ გამორიცხა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიის მდგომარეობა დასტაბილურდება, ის შესაძლოა, ისევ ღია სააქციო კომპანიად გადაკეთდეს.
კოკა კვირკველია