"სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს"

სასტუმრო “ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს, - აღნიშნული განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა გააკეთა.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს ადმინისტრაციისა და აჭარის მთავრობის მონაწილეობით დაწყებულია მუშაობა, რომ სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ სხვა სასტუმროებში განთავსდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასტუმრო დაიხუროს.

ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება ყველაზე კრიტიკულ - კვამლის გამწოვი სისტემის გაუმართაობას, რადგან ვიდრე 24-ე სართულიდან მეხანძრე ადამიანს გამოიყვანს, ის კვამლით არ უნდა გაიგუდოს.

“რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული არის კვამლის გამწოვი სისტემა, რომლის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბერში 11 ადამიანი დაიღუპა. სწორედ ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს. თუკი ეს სისტემა გაკეთდება და შესაბამისი პროცესი დაიწყება, ყველა სხვა რეკომენდაციაზე უფრო შერბილებული პოზიცია გვექნება და სასტუმროს შესაძლებლობა ექნება, იფუნქციონიროს. სასამართლომ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს მიიღო. სასტუმროს ადმინისტრაციამ იცოდა, მათ ჰქონდათ გარკვეული გონივრული ვადა და სტუმრები აღარ უნდა მიეღოთ, ხოლო ვინც ჰყავდათ, ისინი ორგანიზებულად უნდა გაესტუმრებინდათ. ჩვენ ამისთვის მათ ვადა მივეცით. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა აღგევსრულებინა, მაგრამ სწორედ ბიზნესის ინტერესებისა და ტურისტული სეზონის გათვალისწინებით გარკვეული შეღავათი გავუწიეთ - მათ ამ ფაქტის შესახებ ორი კვირაა იციან“, - განაცხადა შალვა ხუციშცილმა.