ჩინეთის დელეგაცია ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მეთაურობით აშშ-ის დედაქალაქს მოლაპარაკებების საწარმოებლად 22-23 აგვსიტოს ეწვევა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩინეთის დელეგაცია ვაშინგტონს ამერიკის მხარის მოწვევით ესტუმრება. ეს იქნება ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველი მსგავსი შეხვედრა. ის უფრო დაბალ დონეზე გაიმართება, ვიდრე წინამორბედები, რომლებშიც მინისტრები მონაწილეობდნენ.
გაზეთის ინფორმაციით, ვიზიტის მოსამზადებლად ამერიკის მხარე იმ მოთხოვნების სიას ადგენს, რომლის წაყენებასაც აპირებს პეკინისთვის, მათ შორის არის საბაჟო ტარიფების დაწევა და ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე უფრო მეტი წვდომა.
თეთრი სახლის წყაროების განცხადებით, აშშ მზადაა კონსტრუქციული განხილვისთვის და იმედი აქვთ, რომ პეკინი შეხვედრებზე „კონკრეტული წინადადებებით“ წარსდგება.
შეგახსენებთ, მანამდე Bloomberg-ი წერდა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით კი, ჩინეთმა ამ დრომდე ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ შესთავაზა ვაშინგტონს სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად. თუმცა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
კოკა კვირკველია