საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა, თხისა და ცხვრის რაოდენობა კი გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაში.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 977.4 ათასი სული შეადგინა და 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 5.9 პროცენტით შემცირდა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა რაოდენობამ 467.0 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლნ სულს მიაღწია.

ამასთან, სტატისტიკის მონაცემებით, ღორების რაოდენობა 226.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 14.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, მ 11.6 მლნ ფრთა შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.