ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემა რამდენიმე რაიონში დაინერგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აქტიურად განაგრძობს თავისი ელექტრონული პროდუქტის - "საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის - eDocument" დანერგვას საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, სისტემა რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის, სამეგრელო, ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებში და იმერეთის ტერიტორიული ერთეულის წყალტუბოს, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დაინერგა.

სისტემის დანერგვას წინ უძღოდა პრეზენტაციები და ტრენინგების ციკლი, სადაც ზემოთაღნიშნული სახელმწიფო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები გაეცნენ საქმისწარმოების მართვის პრინციპებს, სისტემის შესაძლებლობებსა და ფუნქციონირების თავისებურებებს.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მიზანია, დოკუმენტბრუნვის პროცესების მაქსიმალური გამარტივება და ხელმისაწვდომობა. სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვასა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას.

სისტემის გამოყენება საჯარო დაწესებულებებში ხელს შეუწყობს დროისა და რესურსების მნიშვნელოვან ეკონომიას, დანახარჯების შემცირებას, დავალებებზე რეაგირების მუდმივი მონიტორინგის განხორციელებასა და მოქალაქეების მომსახურების პროცესის გაუმჯობესებას.