მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. ეს არის დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლამნჩხუთი, თიანეთი. დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი, მცხეთა - 800 ათასი, ლანჩხუთისთვის - 600 ათასი, თიანეთი - 400 ათასი“, - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სხვადასხვა რაიონში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა.
„ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და სტიქია ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული, მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიდის დათვლა თუ რა შეიძლება ბიუჯეტს დაუჯდეს ზარალის ანაზღაურება“,- განაცხადა სუბარმა.