მთაწმინდაზე, კლდის მასის ჩამოშლის ადგილზე მშენებარე სასტუმროს ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.როგორც პროექტის განმახორციელებლი კომპანია GDG+-ის დამფუძნებელი „ბიზნესპრესიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ყველა საჭირო დოკუმენტაცია და გეოლოგების განმეორებითი დასკვნა მერიას უკვე გადაუგზავნა, თუმცა მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია.
თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ არის და სანამ ყველა საჭირო რეკომენდაცია არ შესრულდება, ნებართვა არ გაიცემა.
ცნობისთვის, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა 31 მაისს ჩამოიშალა. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს GDG+ ახორციელებს, იქ კომპანია 4-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს.
როგორც დღეს GDG+-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა, ასევე გეოლოგებმა განმეორებითი დასკვნა დადეს, სადაც წერია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელება შესაძებელია.
მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაცია მერიას უკვე გადაუგზავნა, თუმცა მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„მერიას მივაწოდე ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის გეოლოგების დასკვნა, სადაც წერია, რომ იქ მშენებელობის გაგრძელება შეიძლება. ჩასატარებელია გამაგრებითი სამუშაოები, რაც გულისხმობს, რკინის ბადის აკვრას და ერთ ადგილზე გარკვეული მექანიზმის დადგმას. მშენებლობის გასაგრძელებლად მეტი არაფერია საჭირო. ტერიტორია დასუფთავებულია. თუმცა თუ მერიამ ნებართვა არ მომცა, ისე ვერ შევალ ტერიტორიაზე და ვერ დავიწყებ მუშაობას. ამიტომ, ველოდებით მათ პასუხს. არ ვიცი რა ვადებში იქნება ნებართვა. გვეუბნებიან მალეო და ეს მალე როდის იქნება, ვერ გეტყვით“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.
თავის მხრივ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ არის და სანამ მერიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ბოლომდე არ შესრულდება, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა.
„ეს არ იყო დასკვნა, რომელიც მერიამ მშენებელს რეალურად მოსთხოვა. ეს არის პირველადი დასკვნა, რომელიც არ აკმაყოფილებს ნორმებს. გარდა ამისა, არსებობს სხვა დოკუმენტაციაც, რომელიც მოვთხოვეთ მას და სანამ ყველა რეკომედაცია არ შესრულდება, დეველოპერს არ აქვს მშენებლობის გაგრძელების უფლება“,-აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.