ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს მომსახურების ცენტრი გაიხსნა.როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო. მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მოადგილე თინათინ ზოიძე.
„სამუშაო ადგილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, რაც პირველ რიგში გულისხმობს წვდომას კაპიტალზე, ფინანსურ მექანიზმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მეწარმეებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირველი რეგიონალური ცენტრის ბათუმში გახსნა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ, შექმნან ახალი ბიზნესი და მოახდინონ იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც აჭარაში გვაქვს", - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, ახალი მომსახურების ცენტრის მეშვეობით უფრო ეფექტიანად მოხდება არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პირობების, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
„ბათუმის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. ცენტრში ყველა მეწარმე მიიღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მას აინტერესებდეს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს ეკონომიკური განვითარების 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.
აჭარის რეგიონში 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 19 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის და სასტუმროს მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 24,7 მლნ ლარს. აღნიშნული პროექტებით, სულ შეიქმნება 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი,“ - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.