საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს.
როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა იმ პრობლემის წინაშე, რაც უკავშირდება ლარის კურსის დაცემას.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია კომენტარი, რის გაკეთებას და როგორ აპირებს დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ზარალდება ლარის კურსის გაუფასურებისგან. დღეს მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი, რომელიც ცდილობს ხალხს აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა არის კარგი და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაუფასურდებოდა თურქული ლირა და არ გაუფასურდებოდა ქართული ლარი, ეს იქნებოდა ცუდი და ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება არის დამცავი ბალიში ქართული ეკონომიკისთვის. ლარის კურსის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას გაეზარდა კომუნალური გადასახადი, ბანკის გადასახადი, ძვირდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს პურის გაძვირება. არასტაბილურობა არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდი ზიანის მომტანია ბიზნესისთვის, რადგან არ არსებობს არანაირი პროგნოზი და ბიზნესს უჭირს ხვალინდელი დღის დაგეგმვა. ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ამიტომ ამ პრობლემას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მას გადაჭრის“, - განაცხადა ბაქრაძემ.