თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის მერიამ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ბიზნესმენი წარმოადგინა.ამის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაშინ, როდესაც მავნებლური მშენებლობები და არასწორი ურბანული განვითარება თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერიას და „ქართულ ოცნებას" წარმოედგინა კვალიფიციური, პროფესიონალი ურბანისტი, მათ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ბიზნესმენი წარმოადგინეს, რომელიც ამ სფეროს შესაბამისად არ იცნობს. ეს ნიშნავს, რომ თბილისში ურბანული ქაოსი გაგრძელდება. ტოგონიძე აქ ინიშნება ერთადერთი რამის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" მავნებლური დავალებები შესრულდეს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელზეც ტოგონიძის დანიშვნის საკითხი პირველი განიხილება.