„კადრებს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ“ - „ბლაუენშტაინ საქართველო" შემოდგომაზე პროფესიულ სკოლას ხსნის

სასწავლო ცენტრის შემდეგ შვეიცარიულ-ქართული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ შემოდგომიდან პროფესიული სკოლის გახსნასაც გეგმავს.

კომპანიის მენეჯერის თათია არაბიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებისკენ მათ ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ, კერძოდ კი, კადრების დეფიციტმა უბიძგა.

„ჩვენს კომპანიას სასწავლო ცენტრი, სადაც საკუთარი თანამშრომლების გადამზადება ხდება, უკვე აქვს, თუმცა მომავალში ვაპირებთ, რომ პროფესიული კოლეჯი, ან სკოლა გავხსნათ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის სიტუაცია, რაც საქართველოს შრომის ბაზარზეა - კადრებს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. ამიტომ იძულებულები ვართ თავად გავზარდოთ. ამჟამად საწარმოში დასაქმებული კადრები სრულად შვეიცარიელების მიერ არიან გადამზადებული.

იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გვყავს პროფესიონალი კადრები, გადავწყვიტეთ გავაკეთოთ სასწავლებელი, სადაც კადრებს გამოვზრდით. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ამ სწავლების შემდეგ, არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საწარმოში დასაქმდნენ”, - განაცხადა თათია არაბიძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე ჩამოვაყალიბებთ „ბლაუენშტაინ ედუს“, რომელსაც საგანმანათლებლო მიმართულება ექნება.

„ამ ეტაპზე გვაქვს 4-5 მოდული, რომელზეც შეგვიძლია ჩავატაროთ ტრენინგები. შემოდგომაზე დავაანონსებთ უკვე შექმნილ სკოლაზე ინფორმაციას, რომელიც გაზრდის სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს. ტრენინგების ნაწილი ჩატარდება თბილისში, ნაწილი რაჭაში. სწავლებაში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა მსურველს ექნება. ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს იქნება უფასო, უცხოებისთვის ფასიანი“, - განაცხადა თათია არაბიძემ.

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ შვეიცარიულ-ქართული ინვესტიციით 2008 წელს, რაჭის რეგიონში, სოფელ შარდომეთში შეიქმნა და დღემდე კომპანიაში 27 მილიონი დოლარია ჩადებული, საიდანაც 65% შვეიცარული ინვესტიციაა. დღეის მდგომარეობით კომპანიას საქართველოში 75-მდე ადანიმიანი ჰყავს დასაქმებული.

„ბლაუენშტაინ საქართველო“ თბილისში ერთ მაღაზიას 2016 წლიდან ფლობს და მას რაჭაში არსებული ფერმიდან ამარაგებს. ხორცის გარდა კომპანიის მაღაზიაში გაყიდვაშია ხორც-პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.