საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი მოდელი მნიშვნელოვანია როგორც თანხების, ისე დროის დაზოგვის თვალსაზრისით.
„ამ მიმართულებით, ცალკეულ შემთხვევებში უკვე დავაგროვეთ გამოცდილება, ახლა ეს მიდგომა მთელს სისტემას და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას შეეხება. უკვე მიღებული შედეგები გავავრცელეთ ყველა შესყიდვაზე და ვიმედოვნებთ, რომ მთლიანობაში, წლიურად, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომია გვექნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მოცულობების გაერთიანება და კონკურენცია, ბევრად მისაღები ფასის დადგენას შეუწყობს ხელს, რითაც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ისარგებლებს.
„საერთო სტანდარტზე დაყრდნობით, ერთიანი შესყიდვები მოგვცემს საშუალებას მოთხოვნებთან თანხვედრაში მოვიდეს შესასყიდი პროდუქცია. ეს ნიშნავს დროის, თანხების დაზოგვასა და ტრანზაქციების რაოდენობის შემცირებას, რაც რესურსების სწორად გამოყენების თვალსაზრისით, მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.