გზების რეაბილიტაცია რვა მონაკვეთზე განხორციელდება

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის ფარგლებში გზების რეაბილიტაცია რვა მონაკვეთზე განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმო შპს ტრანსპროექტი და Kocks Consult GMBH Consulting Engineers-ს შორის ხელი მოეწერა საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტს. ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, საავტომობილო გზის რვა მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. კონტრაქტი მსოფლიო ბანკის მიერ, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი - SLRP II-ის ფარგლებში ფინანსდება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება 191,732.80 აშშ დოლარი და 482,092.80 ლარია, კონტრაქტის ვადა კი - 120 დღე. სარეაბილიტაციო სამუშაოები საკონსულტაციო მომსახურების დასრულებისთანავე დაიწყება.

პროექტის ფარგლებში ერთობლივმა საწარმომ უნდა მოამზადოს დეტალური პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია შემდეგი მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის - წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზა კმ4-კმ25, მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზა კმ1 - კმ9,5, ქუთაისი-ხონი-სამტრედიას საავტომობილო გზა კმ35-კმ40, სასადილო-ორხევი-ხევსურეთსოფლის საავტომობილო გზა კმ18.5-კმ21 და ორხევი-სიონის კმ1-კმ2, აგარა-ყორნისი-ცხინვალი კმ1-კმ4; კმ9-კმ16, ახალქალაქი-რკონი საავტომობილო გზა კმ1 - კმ4, ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბანი საავტომობილო გზა კმ1-კმ5.5; ბოლნისი-სიონის მონასტერი-წუღრუღაშენის საავტომობილო გზის კმ1-კმ7 (ბოლნისი-სიონის მონასტერი) მონაკვეთი.

საერთო ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარედება 60 კილომეტრამდე გზას.