უფასო სახლი საბერძნეთის კუნძულზე და ხელფასი ევროში - ვაკანსია მათთვის, ვისაც თავგადასავლები და კატები უყვარს

საბერძნეთის კუნძულ სიროსზე მდებარე კატების თავშესაფარი ვაკანსიას აცხადებს, რომლის პირობები ნამდვილად მიმზიდველია მათთვის, ვისაც კატები და თავგადასავლები უყვარს.God's Little People Cat Rescue დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კატების მოვლის სანაცვლოდ თვეში 500 ევროს და ლამაზ პატარა სახლში უფასოდ ცხოვრებას. ამის შესახებ თავშესაფრის დამაარსებელმა და მეპატრონემ CNBC-ს განუცხადა.

დასაქმებულს დაევალება 55 კატის მოვლა, მათი სიყვარული, გამოკვება და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინართან წაყვანა. იგი უნდა იყოს 45+ ასაკის და უყვარდეს კატები.

"ჩვენ მყუდრო ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, რომელიც ზამთარში წყნარი, ხოლო ზაფხულში დატვირთული ადგილია. თქვენ ნამდვილად აღფრთოვანდებით, თუ გიყვართ ბუნება და სიმშვიდე", - წერია განცხადებაში, რომელიც თავშესაფრის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია ამ ულამაზეს კუნძულზე მდებარე თავშესაფარის ვაკანსიის ყურადღება ბევრმა მომხმარებელმა მიიპყრო და დამსაქმებელს საკმაოდ ბევრი cv-იც გაუგზავნეს, თუმცა ოფიციალურად, ვინ გახდება კატების მომვლელი, მხოლოდ ოქტომბერში გახდება ცნობილი.

წყარო: ALLNEWS.GE