თურქული ლირა 6 პროცენტზე მეტით ისევ გაუფასურდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონისგან ანკარამ მეტი ეკონომიკური სანქციების მუქარა მიიღო იმ შემთხვევაში, თუ ევანგელისტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი არ გათავისუფლდება.ლირა წელს დოლართან წყვილში დაახლოებით 40 პროცენტით არის გაუფასურებული. ოღონდ, ამის მიზეზი აშშ-ის ეკონომიკური სანქციები კი არა, არამედ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიიპ ერდოღანის სულ უფრო მეტი ჩართულობაა მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში. ერდოღანი საკუთარ თავს „საპროცენტო განაკვეთის მტრად“ მოიხსენიებს და მსუბუქ მონეტარულ პოლიტიკას ემხრობა, რომელიც მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ლირაზე მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს ითვალისწინებს.
ამგვარი მიდგომა, რასაც თან პოლიტიკური და დიპლომატიური დაძაბულობა ერთვის, ინვესტორებს აფრთხობს. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, რომ თურქული ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების იმპორტზე. ინვესტორებს აქვთ შიში იმისა, რომ უცხოურ ვალუტაში დაგროვილი დავალიანება, თურქულო საბანკო სისტემისთვის დიდი საფრთხის შემცველი ფაქტორია.
„კეპიტალ ეკონომიკსის“ ანალიტიკოს უილიამ ჯეკსონის თქმით, პრაქტიკულად არ არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი ლირაზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით ეცდება სიტუაციის გაუმჯობესებას. არც აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა ჩანს. შესაბამისად, ამერიკული სანქციები ქვეყნის ეკონომიკას და ლირას სულ უფრო მეტად დააწვება.
შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა, კაბინეტის შეხვედრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ბრანსონის პატიმრობაში დატოვების შემთხვევისთვის, უკვე მომზადებულია სანქციების ახალი ტალღა. ცნობისათვის, ბრანსონს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ პასტორის გასათავისუფლებლად არაფერს გადაიხდის, მაგრამ თურქეთი დაზარალდება. თურქეთის ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ეს საქმე სასამართლოს გადასაწყვეტია.
ლირასთან დაკავშირებული პრობლემების შესამსუბუქებლად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, ოფშორული ინვესტორებისთვის, ფიუჩერსული ტრანზაქციები შეზღუდა. ასევე შემცირდა ლიმიტები სვოპ ტრანზაქციებზე. მაგრამ ეკონომისტები თვლიან, რომ ეს საკმარისი არაა და ლირას უფრო ქმედითი ნაბიჯები სჭირდება.
„სოსიეტე ჟენერალის“ ინფორმაციით, თურქეთს და მის კომპანიებს, 3.8 მილიარდი დოლარის უცხოური დავალიანების დაფარვა ოქტომბერში უწევთ. და ეს იმის ფონზე, რომ კომპანიებს ლირის გაუფასურების გამო, თავიანთი ვალების მომსახურება გაუძვირდათ.