გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს მისი როლი გაზის ევროპისთვის მიწოდებაში, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი.ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთნ შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც მაზერბერგში გაიმართა.
„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ასევე განვიხილავთ გაზის ტრანზიტის საკითხს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს გაზის ტრანზიტისას ის როლი, რომელიც მას აქვს, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც კი. და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დაიწყო პერმანენტული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ევროკავშირის მონაწილეობით“, -განაცხადა მერკელმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ ხურავს უკრაინის ტრანზიტულ შესაძლებლობებს, ის უბრალოდ დააკმაყოფილებს ევროპის გაზრდილ მოთხოვნას ბუნებრივ გაზზე. ამის შესახებ განცხადება პუტინმაც მერკელთან შეხვედრამდე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეკონომიკური პროექტი და ის არ ხურავს შესაძლებლობებს გაგრძელდეს რუსული გაზის სატრანზიტო მიწოდება ევროპისთვის უკრაინის გავლით.
შეგახსენებთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალსწინებს ორხაზიანი გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 9.5 მილიარდ ევროს და მისი მშენებლობის დაწყება 2019 წლისთვის იგეგმება.
კოკა კვირკველია