ბრიტანეთის მოტორ მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების (SMMT) მთავარი აღმასრულებლის, მაიკ ჰეივსის თქმით, ბრიტანული საავტომობილო ინდუსტრია ბრექსიტისთვის მზად არ არის.
მწარმოებლები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოყოფა, შეთანხმებების გარეშე მოხდება.
ბრიტანეთში ავტომობილების წარმოების მოცულობა ივნისში 47 პროცენტით შემცირდა, რასაც SMMT იმით ხსნის, რომ სხვადასხვა კომპანიის საწარმოო პროცესებში, მოდელების ცვლის ციკლები და ოპერაციული ცვლილებები დაემთხვა, რაც უპირველეს ყოვლისა, გამონაბოლქვზე ახალი (WLTP - მსუბუქი ავტომობილების სატესტო პროცედურების მსოფლიო ჰარმონიზებული სტანდარტი) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კეთდება.
ჰეივსის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ბრიტანული ავტო ინდუსტრიისთვის, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირიდან გაფორმებული ხელშეკრულებებით გამოსვლა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 53 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე იყიდება. ცნობისათვის, ევრო კავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლა 2019 წლის მარტში განხორციელდება.
„ჩვენ გვჭირდება ხელშეკრულება. მის გასაფორმებლად რვა თვეღა დაგვრჩა. გარდამავალი პერიოდი თითქმის აღარ გვექნება. შესაძლებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესებით ვაჭრობა, მაგრამ ეს დამატებითი თანხები დაჯდება და გარკვეულ არეულობასაც გამოიწვევს“, - ამბობს ჰეივსი და კითხვაზე, ბრიტანეთი ბრექსიტით რამეს იხეირებს თუ არა, მოკლედ პასუხობს: „არა და ამას დავინახავთ“.
ბრექსიტთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობის გამო, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული. ყველაზე მსხვილი ავტო მწარმოებელი „იაგუარ ლენდ როვერი“ კი არ მალავს, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტი, წარმოების ბრიტანეთის გარეთ გატანას აიძულებს.
ჰეივსის თქმით, წარმოების თუნდაც ცოტა ხნით გაჩერება, კომპანიებს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ის დღეში მილიონობით სტერლინგის დანაკარგებზე ლაპარაკობს. „თუ წარმოებას კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აჩერებ, ეს ნიშნავს, რომ შემდგომ ეტაპზე, ინვესტიციების მიღება გაგიძნელდება. ამას ბევრი უარყოფითი გაგრძელება ექნბა, რაც საბოლოო ჯამში, წარმოების სრულ შეწყვეტას და ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს“, - დასძენს ჰეივსი.